Diary Under My Bed

-ლამაზი ხარ ახალგაღვიძებული, მომწონს შენი აჩეჩილი თმა და დასიებული სახე, ზარმაცი ემოციები და ზანტი მოძრაობა…

-ჰმ..

– როგორი ბანალური ვარ არა? ან იქნებ ზედმეტად სნობი, ამ აზრებს რომ ბანალურს ვეძახი, არადა მართლა მომწონს!

ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა  და აჩეჩილი თმა სარკეში ხელის სავარცხელისებური მოძრაობით შეისწორა. გაზის ქურას მიადგა ძალიან, ძალიან ახლოს და წამის მეასედში გავიგონე ცხელი წყლის ფინჯანის ძირთან შეჯახების ხმა.

დიდი ჭიქა აქვს, შავი, ცისფერი წარწერებით, ან შეიძლება სულაც არაა დიდი, ამ ჭიქის დანახვაზე სულ ყავა ახსენდება.

აი ახლაც, ფანჯრის რაფაზე ზის ამ ჭიქით ხელში და ყავას სვამს.

უყურებს ქუჩას. მერვე სართულიდან ტრასა ყოველთვის უფრო საინტერესოა. დროდადრო მინას აყრდნობს თავს და ქვემოთ, წესრიგში მოძრავ მანქანებს თვალს აყოლებს, ზოგჯერ ითვლის რამდენი მანქანა გამოივლის, რომელთა სერიაში სამივე ციფრი ან სამივე ასო დაემთხვევა. რა სისულელეა არა? სამაგიეროდ ჩემსავით გასართობგამოლეული არ უყურებს ჭერს იმის მოლოდინში, როდის დაეცემა თავში ბედნიერება.

– დღეს გოგოებთან ერთად მივდივარ დასალევად!“ – მხიარული ღიმილით მიყურებს, ჩემს წინ ერთი-ორ მსახიობურ მოძრაობას აკეთებს და ოთახისკენ გარბის. ეხლა სავარაუდოდ რამდენიმე საათი იქ იქნება, დიდი სარკის წინ. ხან თმა არ მოეწონება და ხან მაისური. ბოლოს მაინც ჩვეულებრივ გამოეწყობა, სახეზე მაკიაჟს წაისვამს – ან ბევრი მოუვა და აბაზანაში 1 საათი მოუნდება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, მერე ისევ დაბრუნდება და მხოლოდ წამწამებზე წაისვამს რამეს, ან ისე, კმაყოფილი გაუღიმებს თავს და ამ დროს თვალში მოხვდება მაიკა, რომელიც არ უხდება და ისევ თავიდან დაიწყებს ძებნას. მოკლედ, რამდენიმესაათიანი მზადება გარდაუვალია.

 მერე ისევ ჩემკენ გამოვა, სამზარეულოში. მე მონიტორს მიღმა ავხედავ, ჩვეული სხვათაშორის გამომეტყველებით.

–         კარგად ვარ?“ – მეკითხება და თან ცქმუტავს, ელოდება ჩემგან პასუხს განაჩენივით, იმიტომ, რომ თუ ვეტყვი არა – დაბრუნდება ოთახში, დაჯდება საწოლზე, ჭირვეული ბავშვივით დაიწყებს ტირილს და რამდენიმე წუთში სულ სხვა ვიდზე წავა გოგოებთან დასალევად.

 მაგრამ ამჯერად ლამაზია, ძალიან ლამაზი… მომწონს ამ მაისურის ღილებს შორის როგორ მოჩანს მისი კანი და მომწონს მოკლე იუბკის ქვეშ მისი ჩამოსხმული ფეხები… მერე ისევ ზევით მივდივარ და მისი ცივი, ლამაზი თვალებიც მომწონს დიდი წამწამების ქვეშ დაჩრდილული და ტუჩები – ოდნავ სველი, რბილი და ვარდისფერი… მისი თმაც მომწონს, მერე რა რომ სულ სწორი არაა… ზუსტად ისეთია ხელს რომ შეუცურებ და მაგრად მოქაჩავ შენკენ.

ამ დროს ყველანაირი ეჭვი მიპყრობს, იქნებ სულაც არ მიდის გოგოებთან. იქნებ იმ გოგოებთან ერთად ბიჭებიც არიან. ის ბიჭები კი აუცილებლად შეამჩნევენ მის კანს ღილებს შორის, მის ფეხებს და მკერდს, მის ცივ, გამყინავ გამოხედვას და სველ ტუჩებს, ისინი აუცილებლად შეამჩნევენ როგორ ეხახუნება მის მხრებს გრძელი თმა… და ყველა კუნთი მეძაბება! არ მინდა წავიდეს იქ! „გოგოებთან“!

” –         ფუფალას გავხარ! არ გიხდება ეგ ტანსაცმელი!“ ვპასუხობ სხვათაშორის და ველოდები როდის დაჯდება საწოლზე მოწყენილი, როდის მივალ და შევუცურებ ხელს ფეხებს შორის,  ვაკოცებ რბილ ტუჩებს, კისერს, მხარს, მკერდს… როდის ავუჩეჩავ თმას და ვიგრძნობ, რომ ჩემია, სულ სულ ჩემი!

ჩერდება! რატომღაც არ მიდის საწოლისკენ…

“-         მე მომწონს!” – ცრის კბილებში დაძაბულად და ზუსტად რამდენიმე წამში კარის გაჯახუნების ხმაც მესმის.

p.s მერე ვფხიზლდები და ვხვდები, რომ ის კაცი მე არ ვარ, კიარადა საერთოდ არ ვარ კაცი : ))

Advertisements

4 comments

    1. უცნაურია რომ ამ დროს მე შენ პოსტს ვკითხულობდი და როცა დავბრუნდი შინ, დაშბორდზე შენი კომენტარი დამხვდა : ))

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s