Home Sweet Home, სახელმძღვანელო კარგი ბინის შესარჩევად!

Oh, I’m back. ბლოგს მონატრებულმა იმდენი ვწერე, მგონი ჩემი ყველაზე გრძელი პოსტია, ტოპიკები გამოყოფილია ცისფერი ისრებით, შეარჩიე და წაიკითხე შენთვის საინტერესო.

➜  “თავისუფალი თემა”

არ ვიცი სხვებთან როგორ იყო, მაგრამ ქართულის მასწავლებელი რომ “თავისუფალი თემის” დაწერას გვავალებდა, ყოველთვის სასიამოვნო შეგრძნება მეუფლებოდა. არ ვიცი რამდენად დევს ეს ყველა ადამიანში, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან მომყვება წერისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. არ აქვს მნიშვნელობა რაზე ვწერ, არც განსაკუთრებული წერის მანერა, გრამატიკული ცოდნა ან სტილი გამაჩნია, უბრალოდ “მეწერინება”.

არ მიყვარს, როცა წერის დროს სიტყვიერ ჩარჩოებში ვარ მოქცეული. მირჩევნია, თავისუფლად გამოვიყენო ყველა სლენგი, რომელიც ენაზე მომადგება. ასევე, არ მომწონს, როცა შეცდომად მეთვლება სადმე მძიმე-წერტილის აცილება. ჩემი აზრით, ბლოგერი და ჟურნალისტი ამ კუთხითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ბლოგერმა ისე უნდა წეროს, როგორც თვითონ იგრძნობს თავს თავისუფლად.

მაგრამ… მაღიზიანებს პოსტების კითხვისას შემჩნეული “ტაიპოები”, უადგილოდ გამოყენებული “დ” და “თ” ასოები, ამ შეცდომაზე იმდენად მძაფრი რეაქციები მაქვს, შეიძლება პოსტის კითხვაც შევწყვიტო. არ გამოვრიცხავ ვინმეს ჩემი პუნქტუაცია, ან უცხო ენიდან გადმოდღაბნილი სიტყვები არ მოეწონოს, ამიტომ აქვე გაგაფრთხილებ – I don’t care!

ჩემს ბლოგზე დაბრუნება, პოსტების წერა მინდა. იმიტომ, რომ “თავისუფალი თემის” არ იყოს, აქ ყველაფერი ჩემია, რასაც მინდა, როგორც მინდა და როცა მინდა დავწერ. მე მართლა მიყვარს წერა, წერა უაზროდ… (თუ არ მოგეწონება, გასასვლელი კარი მარჯვენა კუთხეშია) ვაპირებ ვწერო საკუთარი თავისთვის.

➜  ცოტა რამ ჩემს აწმყოზე 

MrsMarch Autumn

სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევამდე უაზროდ იწელება, შაბათ-კვირა კი თვალის დახამხამებაში მეცლება ხელიდან. დილაობით ჩემი საწოლიდან თავის აწევა ერთი დიდი ტრაგედიაა. მაღვიძარა სამჯერ მაქვს დაყენებული ნახევარ საათიანი ინტერვალებით და რიგის მიხედვით ვცნობ მელოდიების შესაბამისად (9-ის ნახევრიანი რეკავს, ახლა კი ნამდვილად უნდა ადგე!).  მიუხედავად 8 საათიანი სამუშაო დღისა, უკვე მეშვიდე თვე დაიწყო ამ სამსახურში და ჯერაც არ მომბეზრებია, პირიქით, აზარტში შევდივარ.

ბოლო 2 წლის მანძილზე 4-ჯერ შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი და საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ ჩემოდნებზე ცხოვრება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სასიამოვნო, თუ სადღაც “შინ” გელოდებიან. ამ ეტაპზე სწორედ “საკუთარი შინის” მოძიებით ვარ დაკავებული და უახლოეს პერიოდში,  ვაპირებ ახალ სახლში ახალი ცხოვრების დაწყებას.

ამასწინათ, როცა ჩემი პერსონალური ნივთების, ტექნიკისა და სხვა წვრილმანების სია შევადგინე, აღმოვაჩინე, რომ იმაზე მეტი რამ მაქვს, ვიდრე მეგონა. ფაქტი მესიამოვნა და კიდევ უფრო გამახარა იმან, რომ ჩემი ნივთების დიდი უმრავლესობა პრაქტიკულობით გამოირჩევა – არ მაქვს ჯანქი, რაც მაქვს ყველაფერს ვიყენებ. თვის ბოლოს ამ ყველაფრის ყუთებში მოთავსება და ახალ სახლში მათი დაბინავება მომიწევს, წინა გადაბარგებებისგან განსხვავებით, ამჯერად, ეს ამბავი მახარებს. მინდა ისეთი გარემო შევიქმნა, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ და ყველაფერს ჩემებურად ექნება ადგილი მიჩენილი, ზედმეტი ნივთებისა და სხვა ადამიანების ნივთებში აღრევის გარეშე.

➜  სახლის წარმატებით შერჩევა არცთუ მარტივი საქმეა

პირველად ბინა რომ ვიქირავე, სრული 100%-ით ჩავფეილდი. ადგილმა არ გაამართლა (ნუცუბიძის პლატოზე იყო, მესამეში, ამ უბანში ბავშვობა და შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე, მაგრამ სამსახურში სასიარულოდ ძალიან ცუდი არჩევანი გამოდგა), სართული იყო მეცამეტე და რამდენიმე დღეში აღმოვაჩინე, რომ თურმე ლიფტი კვირაში მინიმუმ სამჯერ ფუჭდება, წყალგაყვანილობას პრობლემა ჰქონია და მეზობელი ჩავრეცხეთ და ა.შ ამ ბინიდან 1 თვეში გამოვიქეცი და ვაჟაზე გადავედი, მშვენიერ ადგილას, ნორმალურ ბინაში. ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი, თუმცა გაფართოების მიზნით აგვისტოს ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ ბინის შეცვლა და მშვენიერი ბინა ვიქირავეთ იყალთოს გორაზე – კორპუსის ბოლო სამი სართული 13-15, ნორმალური რემონტით, კარგი სამზარეულოთი, ულამაზესი ხედითა და დიდი ვერანდით. მიუხედავად ამისა, სახლში რამდენიმე პრობლემამ იჩინა თავი –  ცენტრალური გათბობის დაზიანებული “ნასოსი”, რომელიც შევაკეთეთ, მაგრამ ქარიანია იყალთო და ბანაობისას წყლის ტემპერატურა არასასიამოვნოდ ცვალებადობს. ასევე, ტრანსპორტის სერიოზული პრობლემაა, თუ მანქანა არ გყავს (და მე უმანქანოების რიცხვს მივეკუთვნები) აქ ცხოვრება  არ ღირს. თანაც, ლიფტი ჩემს წონას (42 კგ) ვერ აღიქვამს და მიწევს ოჯახის წევრებისთვის რეკვა, რომ ჩამოვიდნენ და ამიყვანონ (ლიფტი ფასიანია და დამატებით ხუთიოდე ლარი მეხარჯება კვირაში)

➜  კარგი ბინის პოვნის სახელმძღვანელო

flat

ამჯერად, მეტი დაკვირვებით ვაპირებ სახლის შერჩევას.  აღმოჩნდა, რომ ეს მთელი ხელოვნებაა)  თუ შენც აპირებ ახალი ბინის პოვნას,  წინასწარ გადაამოწმე ყველა დეტალი. შესაძლოა გამოგადგეს ჩემი სახელმძღვანელოც:

  1. გადაათვალიერე გასაქირავებელი ბინები.
    საქართველოში დღესდღეობით უამრავი სააგენტო არსებობს, თუმცა მათი მინუსი ის არის, რომ 2 თვის ბინის ქირას (პირველი და ბოლო) წინასწარ გახდევინებენ. ჩემს გარშემო ვინც ბინა იქირავა, ყველაზე ეფექტურ გზად სააგენტოებთან ერთად, ჟურნალ “სიტყვა და საქმე”-ს ასახელებენ, რომელიც შაბათობით ჩნდება ჟურნალ-გაზეთების მაღაზიებში და დღის მეორე ნახევრამდე სრული ოდენობა იყიდება. მას ძირითადად სააგენტოს წარმომადგენლები ეტანებიან, რადგან ბინების დიდი უმრავლესობა უშუალოდ პატრონთა საკონტაქტო ინფორმაციებით ქვეყნდება. ამ ჟურნალს საიტიც აქვს (Saqme.ge), თუმცა საიტზე განცხადებების დიდი უმრავლესობა, ისევ ე.წ “მაკლერების” განთავსებულია.
    პოპულარობით სარგებლობს კიდევ რამდენიმე მსგავსი საიტი: place.ge, myhome.ge და ა.შ
  2. განცხადებებს შორის შეარჩიე რამდენიმე ბინა შენთვის სასურველი პირობებითა და მდებარეობით.ყურადღება მიაქციე ბინის პროექტს, ოთახების რაოდენობასა და ფართს (მაგალითად, ჩემი დაკვირვებით, ძალიან უსახურია “ქალაქური” პროექტის ბინები, ფართი თითქოს დიდია, მაგრამ შუა ოთახი ყოველთვის იკარგება ყველამხრივ კარებით დახვრეტილია და მყუდროებას მოკლებული). თუ ბინის პირობები (ფართი, ოთახების რაოდენობა, კეთილმოწყობა და ა.შ) განცხადების მიხედვით გაკმაყოფილებს, დროა ეს ბინა ვიზიტით შეაფასო, ამიტომ, დაუკავშირდი მეპატრონეს და მიდი.
  3. ის,  რაც არ უნდა გამოგეპაროს სახლის დათვალიერებისას და კითხვები, რომელთა დასმაც ურიგო არ იქნებოდა.

Outdoor

  • თუ შენ მანქანა გყავს – არის თუ არა, ან როგორია პარკინგის ადგილი/ავტოფარეხი
  • თუ მანქანა არ გყავს – რამდენად ახლოს არის გაჩერება, რამდენად მარტივია გადაადგილება (ტრანსპორტის შეზღუდული რაოდენობა ხომ არ არის, მიდის თუ არა პირდაპირი რეისით ტრანსპორტი შენთვის სასურველი მიმართულებით მაგ. სამსახური)
  • თუ შენ არ გიყვარს ხმაური – სკოლა, ან ბაღი თუ გაქვს სახლთან ძალიან ახლოს, ან თუ სახლი გზის პირას არის და დაბალ სართულზე, დიდი შანსია რომ შეწუხდე.
  • თუ გიყვარს სეირნობა და გყავს მცირეწლოვანი შვილი – გაარკვიე რამდენად ახლოს არის სკვერი, საქანელები, სტადიონი და ა.შ, ასევე, არის თუ არა ახლოს სკოლა/ბაღი (თუ გჭირდება).
  • კარგი მაღაზია – ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლოს მქონდეს 24 საათიანი მაღაზია,  სახლისთვის ყველა საჭირო განყოფილებით (სასურველია ბარათის ტერმინალით).

Indoor

  • ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია “წყალმომარაგება” – წყალგაყვანილობის მილები, აბაზანა-ტუალეტის პირობები – რამდენად კარგად მუშაობს ტუალეტის სისტემა, სამზარეულოში ცხელი წყალი, წყლის “ნაპორი” “დუშით” სარგებლობისას, ცხელი წყალი და წყლის გამაცხელებელის სახეობა!
  • ელექტროგაყვანილობა – ზემოთხსენებულ ვაჟა-ფშაველას სახლში რომ ვცხოვრობდი, ტექნიკაზე ელექტროგაყვანილობის მოუწესრიგებლობამ სერიოზული პრობლემები შემიქმნა: გადამეწვა ფენი, გამიფუჭდა ბლენდერი, თმის უთო, სარეცხი მანქანის შნური დადნა, ამიფეთქდა შტეფსელი ორჯერ, გადამეწვა ლეპტოპის დამტენი. თანაც, სახლის პატრონს ვერაფრით დავაჯერე, რომ ეს ყველაფერი მისი ელექტროგაყვანილობის ბრალი იყო (მისი თქმით მამა ჰყავდა ელექტრიკი და ასეთი რამე გამორიცხულიაო:)) ) ამიტომ, ყურადღებით დაათვალიერე შტეფსელები და ჭაღები, შეამოწმე მუშაობს თუ არა შუქი ყველა ოთახში.
  • ავეჯი, ტექნიკა და სხვა საჭირო წვრილმანები – კარგად გადახედე არსებულ ავეჯს, გაიხსენე  შენს საკუთრებაში არსებული ავეჯი. გაქვს ყველა საჭირო პირობა? მაგ. სარეცხი მანქანა და მაცივარი – მე ორივე  მაქვს, მაგრამ თუ დამახვედრებენ უარს არ ვიტყვი. მეორე უკიდურესობაა, როცა სახლი იმდენად არის ავეჯით გატენილი, რომ შენი ადგილი აღარ რჩება. ასეთ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ გაარკვევ რამდენად შესაძლებელია მათი არასაჭირო ნაწილის სახლიდან გატანა.
  • მყარი, დაცული, უპრობლემო. ყურადღება მიაქციე კარ-ფანჯარას, სადმე გატეხილი ან გაბზარული ხომ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ ემადლიერება და არაჯანსაღიაო ამბობენ, მე მეტალო-პლასმასს ვანიჭებ უპირატესობას. დაბალ სართულზე სასურველია გისოსები/სხვა დაცვის სისტემა კარგ მდგომარეობაში იყოს (მაინც, ყოველი შემთხვევისთვის). დაათვალიერე კარები, განსაკუთრებით შემოსასვლელი – რამდენად კარგად იკეტება და იკითხე რამდენი ასლი არსებობს.

ყველაფერი რაც მე ჩამოვთვალე, ტექნიკური მხარეა – იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე მათგანი არასრულყოფილია, შესაძლებელია გამოსწორება, ხელის შევლება და შენს გემოზე დაყენება. პირადად მე, ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას მივაქცევ, რადგან ბევრჯერ გავხდი “სიურპრიზების” მსხვერპლი, როცა მოულოდნელად და ეტაპობრივად წამომეჭრა მსგავსი პრობლემები. ამჯერად, ძალიან მინდა ზუსტად ისეთი ბინა ვიპოვო, სასურველ  ფასად, რომელშიც შევალ და დავბინავდები. სხვა დანარჩენი გემოვნების ამბავია – კედლების ფერი, სამზარეულოს ზომა, ხედი ფანჯრიდან და ა.შ მთავარია შეხვიდე და თავი “შინ” იგრძნო!

P.S ნეტა რამ დამაწერინა ამდენი?! იმედი მაქვს მალე მივაღწევ “შინ”-ამდე, თუ ჯერ არ მიგიღწევია, შენც იგივეს გისურვებ!

Open your Heart WordPress I’m coming home!

ერთობ მივიწყებულ ბლოგზე დაბრუნებული,

March

Advertisements

6 comments

დატოვე კომენტარი ♥ Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s