თოვლი

ჩემი ფანჯრიდან…

სანამ მე მეძინა, მეცნიერებს ბევრი საინტერესო რამ გამოუგონიათ. მაგალითად თუ სახეზე სიწითლე გაღიზიანებს, შეგიძლია კრემის საშუალებით საერთოდ გაიქრო ის.  კორპუსები ისე ახლოს დგას ერთმანეთთან, რომ კრემის წასმის დროს (ფანჯარასთან ვდგავარ და) მოპირდაპირე კორპუსის ერთ უფარდო ბინაში ვხედავ როგორ ჩხუბობს წყვილი.

ზოგადსაკაცობრიო მიღწევებზე შეპყრობილი გონებით ვადევნებ თვალს მათ ნერვიულ მიმოსვლას ოთახის ტერიტორიაზე. თან მშვიდად ვინაწილებ კრემს სახეზე. გარეთ თოვლია და ყინავს. უკვე ყველას თავი მოაბეზრა თოვლმა. ჩემი ფეისბუქელი ფრენდი ამბობს ეს თოვლი ძალიან უთავმოყვარეო ყოფილაო.

წყვილის ოთახის მარჯვნივ ჟალუზი იწევა ზემოთ და ვხედავ როგორ სვამს ყავას გრძელთმიანი გოგონა, რომელსაც წელსზემოთ არაფერი აცვია. ნეტავ არ ცივა?

ქვემოთ იყურება. ძალიან ადრეა და ალბათ გონია რომ ვერავინ ხედავს.  სიგარეტს მოუკიდა და ათვალიერებს ეზოს. მხარზე ხელი მოიჭირა და გაიზმორა. ყავას სვამს და რგოლებს უშვებს, თან მინას ორთქლავს.

(more…)

ოფიციალურად უმუშევარი

პირველი რაც თავში მომივიდა  ის იყო, რომ  არავინ გამიბურღავს ტვინს, როცა ძველი ნაიკებით გამოვალ სახლიდან.

მიზეზი #1 მე არ მაქვს ფული რომ ვიყიდო ახალი

მიზეზი#2 სამსახურში არ ვარ წასასვლელი და რასაც მინდა იმას ჩავიცვამ

სინამდვილეში კი ამ ნაიკების მთელი არმიის ჩაცმის სურვილი ყოველთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უფულობა ან ადგილი, სადაც მათ არ ელიან. მოკლედ, გადავწყვიტე და გამოვედი. უაზრო თვალებით ჩავიარე გრძელი ტროტუარი და ტაქსი გავაჩერე. (more…)

კაბა გაზაფხულის სურნელით

გქონია შემთხვევა, როცა რაიმე ნივთი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ნივთი? ანუ როცა ემოციები და ასოციაციები ამ ნივთზე ცდება მის დანიშნულებას? მე ძალიან ბევრჯერ, აი მაგალითად რამდენიმე წუთის წინ, როცა ინტერნეტში ბოდიალისას უმშვენიერეს კაბას მოვკარი თვალი. თვითონ კაბა – ჩემთვის ძალიან უცხო სხეულია, იმიტომ რომ ძირითადად შარვლებით დავდივარ და ძალიან, ძალიან იშვიათად თუ ვიცვამ კაბას. ეს კაბა კი, რომელიც აღმოვაჩინე, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი განსაკუთრებული მასში არაა, გაზაფხულის ასოციაციას მიქმნის, თითქოს რომ ჩაიცვამ და გაზაფხულის პირველი მერცხალი ხარ.

 მართალია სინოპტიკოსების ცნობით ამინდი თბილისში გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება და რამდენიმედღიან თოვლსაც გვპირდებიან, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით მინდა გაზაფხული ჩავისუნთქო. ამ წუთას მე და კაბა ისევე შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც იანვარი და გაზაფხული.

 მაინც მოვა გაზაფხული და თუ გამიმართლებს ასეთ კაბას ვიპოვი… მერე რა რომ ზამთარია? მერე რა რომ ვუბერავ?